შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელ არპინე სარგსიანს შეხვდა.
სომხური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გელა გელაძის თქმით, ის და მისი უწყება მზად არიან, განიხილონ სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხი.
„საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. სომხეთსა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო საზღვარი, არამედ საუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გარანტია“, – თქვა სომხეთის შს მინისტრმა არპინე სარგსიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, ასევე საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი აშოტ სმბატიანი.