რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა კრემლის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის.
განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა 17 ივლისს მოაწერა ხელი. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, მოქალაქეობისა და პასპორტის მისაღებად აღარ მოუწევთ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება.
კერძოდ, მათთვის არ არის სავალდებულო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრება, რუსული ენის ფლობა, რუსეთის ისტორიისა და ქვეყნის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა. კრემლის ეს ბრძანება 2028 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით არის ძალაში.
მიმდინარე წლის მარტში ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ბადრა გუნბას, შეხვდა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს გუნბამ გაიხსენა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება და რეგისტრაციის მექანიზმის გამარტივების საკითხი. მისი თქმით, მოსახლეობის 70%-ზე მეტს უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა, დანარჩენებს კი მისი მიღება სურთ. ვლადიმერ პუტინმა მაშინ დაადასტურა, რომ პროცესის დაჩქარების მითითებები გასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება.