რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ქვეყნის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი. ის მონაწილეობს სოხუმში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ე.წ. სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაში.
ნოვაკი შეხვდა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას. მან მხარდაჭერისთვის გუნბას მადლობა გადაუხადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, რომელსაც კრემლი უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, მოსკოვსა და სოხუმს აქვთ საერთო იდეები, ინიციატივები და ხედვები.
ოკუპირებულ რეგიონში იმყოფება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვიც. მან განაცხადა, რომ 2030 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის „სამთავრობათაშორისო პროგრამა“ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისთვის დამტკიცდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტით მყოფი რუსეთის დელეგაცია ასევე ეწვევა „ბაბუშერის აეროპორტს”, მოგვიანებით კი გეგმავს ოჩამჩირის პორტში ჩასვლასაც. აქ კრემლი რუსული ფლოტისთვის მუდმივი ბაზის გახსნას გეგმავს.