მთავარისაქართველო„„დიფ სტეიტის“ პროპაგანდა მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ" - ირაკლი კობახიძე

„„დიფ სტეიტის“ პროპაგანდა მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ირაკლი კობახიძე

განცხადებაში, რომელიც ამჯერად წერილობითი იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კვლავ უხილავი ძალის, ე.წ. „დიფ სტეიტის“, მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე ისაუბრა.

დავალებები გარედან, აგენტურა, ლგბტ პროპაგანდა, ომი, მორიგ განცხადებაშიც უხვად იყო ჩამოთვლილი. კობახიძემ, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამ ყველაფრის გასამყარებლად, შეერთებული შტატების უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის, მიერ მოძიებული საკითხები მოიშველია. ამ მტკიცებულების მიხედვით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამამ ე.წ. „დიფ სტეიტით“ ააგორა ყალბი კამპანია. კობახიძე ამასვე უკავშირებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საგარეო რეაქციებს.

„სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა.

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი.

„დიფ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ წერილში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირი სუვერენიტეტის წართმევას გვიპირებს, თუ ქვეყანა 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის საერთო იდეალებს გაიზიარებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ რომ ევროკომისიის არცერთ მოთხოვნას არ შეასრულებენ, თუნდაც, ამას უვიზოდ მიმოსვლის პრივილეგიის გაუქმება მოჰყვეს.

[ევროკავშირი] ძალიან მარტივ რამეს ითხოვს – სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის ჩვენს სუვერენიტეტს, თავისუფლებისათვის სწრაფვას და ასევე, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ყველა პუნქტი დავასაბუთეთ, რომ ყველა ეს საკითხი არის უდიდესი საფრთხის წინაშე. ყველაფერი აწონვადია. თუ ქართველი ერი გვეტყვის, რომ რომელიღაცა სხვა საკითხი უფრო წონადია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება და უსაფრთხოება, მაშინ კი ბატონო. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და გააკეთოს ვინმე სხვამ – მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე, ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობამდე და სუვერენიტეტის ნიველირებამდე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პროპაგანდა ისე აირია, რომ საზოგადოებას სხვადასხვა შიშზე არათანმიმდევრულად ესაუბრებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  აცხადებენ, რომ ევროკავშირისა და „ქართული ოცნების“ თავსებადობა შეუძლებელია.

„„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი – ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – ჯერ ამაზე ჩამოყალიბდნენ და მერე შევეცდები პასუხი გავცე. თუკი ვინმე არაფერ შუაშია ევროკავშირთან, ეს არის „ქართული ოცნება“. როდესაც კონკრეტულ ოჯახში გაწევრება გსურს, რომელსაც ცივილიზაციურად ვეკუთვნით, ხომ? – მიმაჩნია, რომ შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი ერთი ცივილიზაციის ნაწილი არიან, ასევე მიმაჩნია, რომ როგორც გელათი, ბაგრატის ტაძრები, ისე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის ერთი ცივილიზაციის ნაწილი. როდესაც ამ ცივილიზაციას საბჭოთა უბედურების შემდეგ უბრუნდები, მას შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის წესები [დაიცვა], რაც არსებობს. მაგალითად: არჩევნები არ უნდა გააყალბო, ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა – ამ პრინციპებს თუ არ უღალატებ, მარტივად ამ ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი ხდები. „ქართულ ოცნებას“ ეს ფეხებზე ჰკიდია, ამაშია მთელი საქმე. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივად დგას, ან სრულფასოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია ჩვენი ხელისუფლებაც, ან არა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ.

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის 8 მოთხოვნას უყენებს. „ქართულ ოცნება“ ჯერჯერობით მათ შესრულებაზე უარს ამბობს. საპასუხოდ შესაძლოა ბრიუსელმა 27 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლა შეაჩეროს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend