მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა „არ არის ეგზისტენციალური საკითხი“

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა „არ არის ეგზისტენციალური საკითხი“

„ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. ვიზის რიგში ან დგახარ, ან არ დგახარ. ეგზისტენციალური საკითხი არის მაგალითად, მშვიდობა და სტაბილურობა… უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს. მიზანი აქაც იგივეა, როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ე.წ. „დიფ სთეითი“ ირაკლი კობახიძემ ბევრჯერ ახსენა, თუმცა არა მხოლოდ საქართველოს ევროპელ პარტნიორებზე საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა განიხილა თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებიც. მან კვლავ გამოთქვა მზაობა, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ წუხს საქართველოსთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმოქმედობით.

„სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად გამოხატული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „დიფ სთეითი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დიფ სთეითი“, იგივე „გლობალური ომის პარტია“ დაანგრევს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც დონალდ ტრამპმა თავად აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მხრივ უვიზოდ ევროპაში გადაადგილება პრიორიტეტთა სიაში არც ირაკლი კობახიძის თანაგუნდელისთვის არის. ირაკლი ზარქუამ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო უკრაინაც ახსენა.

„რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ვიზალიბერალიზაციის წართმევით, ეს ჩვენთვის N1 ამოცანა არ არის. ჩვენთვის N1 ამოცანა არის, რომ აქ მშვიდობა იყოს და საქართველო ომში არ ჩაერთოს. უკრაინას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ ჰყავს მილიონობით ახალგაზრდა, ტერიტორიები არ აქვს, დედა ეტირა – ეს გინდათ ხომ საქართველოსთვის და იმავეს ამზადებთ ჩვენი ქვეყნისთვის? იმ უსამშობლოებსაც, ვინც შემორჩა დედას ვუტირებთ და ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს – ყველას დედას გიტირებთ! ეს დაიმახსოვრეთ…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

საკუთარი არგუმენტი კი გურამ მაჭარაშვილმა ასე ახსნა:

„ვიზალიბერალიზაცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ქვეყანა თუ არ გექნება, საქართველოში ტრადიციები არ იქნება, კაცები ოფიციალურად დაქორწინდებიან, არასრულწლოვან ბავშვებს სქესს გადაუკეთებენ და აქ მეორე ფრონტი გაიხსნება, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციაც გვერდზე დარჩება და მთლიანად, მთელი საქართველოც. ეს ქართველ ადამიანს ძალიან კარგად ესმის. ეს მოცემულობაა და ასეთი შანტაჟი ამიტომ არ გაუვათ”.

თუკი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ გადაადგილება შეიზღუდება, საქართველოს მოქალაქეები 2017 წლამდე არსებულ რეალობას დაუბრუნდებიან. ეს კი ნიშნავს ვიზის ლოდინს მათ შორის სტუდენტებისთვის, სამედიცინო სერვისების მიღებისა და ემიგრაციაში მყოფი ოჯახების წევრების მონახულების მსურველთათვის.

18 ივლისის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასეთი მაგალითები არის „თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია“. მისი ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი პრივილეგიის წართმევა მათ ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას იქონიებს.

„სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და მედიცინა არ არის იმ დონეზე, რომ ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალონ. ეს მონაპოვარი, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს, უნდა არსებობდეს, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ…“ – ამბობს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ვახტანგ სურგულაძე.

„სინამდვილეში „ოცნება” ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრპიარზე, თითქოს ვიღაც მათი ომში ჩათრევით, საქართველოს უუქმებს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გაუუქმდება უვიზო რეჟიმი… ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული, მდიდარი და ამ შანსს ართმევს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება ჩვენს ხალხსა და საქართველოს…“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განსახილველად დღესვე არის მზად, ჩავიდეს ბრიუსელში და ნებისმიერ ევროპელ მაღალჩინოსანს შეხვდეს.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დიალოგზე „ქართული ოცნების“ მზაობის მიუხედავად, ევროკავშირი პარტიას „საბჭოური მიდგომით“, „დეპეშებით“ პასუხობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend