MEGOBARI აქტის დაჩქარებულად მიღების საკითხზე „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ვაშინგტონში რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, სენატში, ატლანტიკურ საბჭოსა და დემოკრატიის ეროვნულ ინსტიტუტში.
ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ქართული დელეგაცია კონგრესმენებს, ჯო უილსონს, დერეკ ვან ორდენს, დენ კრენშოუსა და კაროლ მილერს, შეხვდა. პოლიტიკოსების განცხადებით, საუბარი შეეხო მეგობარ აქტს, „ქართული ოცნების” მიერ გატარებულ რეპრესიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩვენ ამ ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, ბუნებრივია, ვისახავთ MEGOBARI აქტის დაჩქარებულად მიღების ლობირებას ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ MEGOBARI აქტი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად და ამავე დროს, ბუნებრივია, ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, ესენი იქნებიან პოლიტიკური ლიდერები, თუ აქტივისტები და მოქალაქეები მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის აუცილებლობაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია.
ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, უნდა ვიყოთ აქტიურად, მხნედ და რა თქმა უნდა, შევძლოთ ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი დამარცხდეს და დასუსტდეს იმისთვის, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ევროატლანტიკური გზა და მისწრაფება“,- განაცხადა პარტიის წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
MEGOBARI აქტი ორპარტიული საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელიც მიღების შემთხვევაში, აშშ-ის აღმასრულებელ მთავრობას ავალდებულებს, საქართველოსა და ქართველ ხალხს მეტი მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო მოქმედ ხელისუფლებას არსებული ვითარების შექმნის გამო სანქციები დაუწესოს.