ლიეტუვის შეიარაღებული ძალები ექსპერიმენტულ ბუნკერებს ბომბავენ, რათა ნახონ, გაუძლებენ თუ არა რუსეთის პოტენციურ თავდასხმას – წერს ადგილობრივი მედია.
ბუნკერების გამძლეობის ტესტირება მიმდინარე კვირაში ქალაქ პაბრადეს სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. ცდებისას სიმულირებული იყო სტანდარტული რუსული საარტილერიო ჭურვების აფეთქებები.
ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ სურთ შეაფასონ, თუ რამდენად ეფექტიანად დაიცავს ბუნკერი სამხედროებს.

ტესტირებისას იზომება აფეთქების ტალღის შედეგად წარმოქმნილი წნევა, ხმაურის დონე, კედლების ვიბრაცია და სხვა ტექნიკური პარამეტრები.
თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პროექტის მიზანია, უკრაინაში რუსეთის ომიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება რუსეთიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებმა ბალტიისპირეთის ქვეყნები — ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა — აიძულა, საგრძნობლად გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები.
სამივე ქვეყანამ განაცხადა, რომ მშპ-ის 5 პროცენტს თავდაცვისთვის გამოყოფს.