ლიეტუვაში აცხადებენ, რომ რუსეთი განიხილავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში დივერსიული აქტების განხორციელებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ამ პროცესში უკრაინული დრონების გამოყენებას, რისი მიზანიც ზიანის მიყენების გარდა, კიევის საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაცია და ომში მყოფი ქვეყნისადმი ნატოელი თუ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო-ფინანსური დახმარებაა.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, რობერტას კაუნასის თქმით, ამჟამად ეს არის ყველაზე რეალისტური სცენარი და, როგორც ის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, მსგავსი თავდასხმების მოწყობისთვის მოსკოვი იმ უპილოტო საფრენი აპარატების ცალკეული ნაწილების გამოყენებას გეგმავს, რომლებიც, თავის მხრივ, კიევმა გამოიყენა რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებისთვის.
უკრაინამ ბოლო თვეების განმავლობაში მსგავს ობიექტებს მრავალჯერ შეუტია და ამჟამადაც აგრძელებს იმას, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. „შორი მოქმედების სანქციებს“ უწოდებს, თუმცა რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიერ დრონების გადაჭერის დროს, ზოგიერთი მათგანი საოკუპაციო ძალების ხელში აღმოჩნდა. ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ რუსულ მხარეს შეუძლია, ცალკეული ნაწილების გამოყენებით, ხელახლა ააწყოს უპილოტო საფრენი აპარატი.
ბალტიური ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადება მოჰყვა ლიეტუვურ მედიაში მანამდე გავრცელებულ ცნობებს. ამ ცნობების მიხედვით, სამხედრო დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ მოსკოვი გეგმავს რეგიონის სახელმწიფოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმებს, რის გამოც ლიეტუვაში მთავარი ენერგოობიექტების ირგვლივ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად, ლიეტუვაში 2027 წლის ბოლომდე განალაგებენ ბუნდევსერის 5 000-მდე სამხედროს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იქნება 71 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანული საჯარისო ერთეულები ბრძოლისუნარიან ბრიგადას საზღვარგარეთის ტერიტორიაზე განალაგებენ.
„მოსახლეობის 80%-ზე მეტი ენდობა გერმანიას და გერმანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. მე გერმანელ კოლეგებს ხშირად ვეუბნები: თქვენ ჩვენთან არამხოლოდ მოგესალმებიან, არამედ ჩვენ გვწამს იმის, რასაც აკეთებთ. არანაირი ეჭვი არ გვაქვს და გვჯერა ჩვენი საერთო მომავლის. რაც შეეხება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერას - ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია.
ეს იმ მოწინააღმდეგეებისთვის არის გზავნილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატოს ფრონტის ეს მონაკვეთი რაიმე თვალსაზრისით სუსტია. ამით მტკიცდება, რომ ისინი ცდებიან. გზავნილი ძალიან ნათელია: ჯარები უკვე აქ არიან და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ეს მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვა ამოქმედდება პირველივე წამიდან. ამიტომ ამას ეფექტიანი შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
ბოლო წლებში ლიეტუვა არაერთხელ გამხდარა უპილოტო საფრენი აპარატების მის ტერიტორიაზე შეჭრის მოწმე.
მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონები უკრაინული საფრენი აპარატები იყო, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისას რუსულმა ელექტრონული ბრძოლის სისტემებმა დაგეგმილი მარშრუტიდან გეზი შეუცვალეს.
თუმცა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განზრახ შეტევა მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლს ეს სჭირდება, რადგან რუსული საზოგადოება სულ უფრო ხშირად სვამს კითხვებს: „რატომ არის საწვავის დეფიციტი, რატომ იწვის საწყობები და რატომ დაფრინავენ უკრაინული დრონები რუსეთის თავზე, თუკი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.
