კატეგორიები

ლიეტუვა ბოლო ერთ წელიწადში მეორე პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია

ლიეტუვა ბოლო ერთ წელიწადში მეორე პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია
თანამდებობაზე არჩევიდან არასრული ერთი წლისთავზე, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.

ბალტიური ქვეყნის კოალიციური მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის თქმით, ამაში ტრაგიკული არაფერია და ეს არის „ნორმალური პოლიტიკური პროცესის“ ნაწილი, „პოლიტიკოსებს კი უნდა ესმოდეთ, რომ თანამდებობები არ არის მუდმივი, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მათ უნდა მოახერხონ, რაიმე სასარგებლოს გაკეთება“.

რუგინენეს არც თუ ისე დიდხნიანმა მმართველობამ ლიეტუვისთვის კრიზისული პროცესების ფონზე ჩაიარა.

ქვეყანა გახდა მოსკოვის დივერსიული აქტების სამიზნე, როდესაც ვილნიუსში უპილოტო საფრენი აპარატი შეფრინდა და განგაში გამოიწვია, რის გამოც თავად პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც მოუწიათ უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

თანამდებობაზე მისივე ყოფნის პერიოდს დაემთხვა ბელარუსიდან, საჰაერო ბუშტების გამოყენებით, ლიეტუვის ტერიტორიაზე კონტრაბანდისტული ნაწარმის შეღწევის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟს, თავდაცვისა და კულტურის მინისტრების გადაყენება, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა პირადი მონაცემებისადმი არასათანადო მოპყრობა და კანონდარღვევა, როდესაც მან იტალიასა და ვატიკანში ოფიციალური ვიზიტებისას თან წაიყვანა ოჯახის წევრები.

თუმცა, ვილნიუსისთვის იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით, რომელმაც ლიეტუვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.38%-ს მიაღწია.

მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელს ეკონომიკისა და ინოვაციების ყოფილი მინისტრი და ამჟამად ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე მინდაუგას სინკავიჩიუსი დაიკავებს.

ამასთან, სავარაუდოა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შემდეგ, ინგა რუგინენე დაბრუნდება იქ, სადაც, როგორც ამბობს, „მისი ადგილია“ - ანუ ჩაიბარებს სოციალური დაცვის მიმართულებას.

მანამდე კი, მას მოუწევს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება და იმ შიდა თუ საგარეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევა, რომელთა წინაშეც ლიეტუვა დგას.

სადავოა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი, რადგან ის უფრო მეტად ითვლება ლიეტუვის პრეზიდენტთან დაახლოებული, ვიდრე სოციალ-დემოკრატებთან.

მინისტრის სავარძლის შესანარჩუნებლად, დიპლომატს ბალანსის დაჭერა მოუწევს. ცნობილია, რომ ახალ სამთავრობო კოალიციაში საკვანძო საგარეო აქცენტი ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე იქნება მიმართული, ბუდრისი კი მეტად კონცენტრირებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, კერძოდ, საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთსა და ნიდერლანდებთან კავშირების განმტკიცებაზე - იმ ქვეყნების, რომლებიც გასულ კვირას, ევროპის საბჭოს სხდომაზე მიემხრნენ პეკინის წინააღმდეგ ტარიფებისა და სხვა სავაჭრო ბერკეტების გამოყენებას.

დაკავშირებული ამბები
ლიეტუვა ბოლო ერთ წელიწადში მეორე პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა