მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციებისას დაკავებულ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
სხდომა ათ წუთს გაგრძელდა – სასამართლომ ბრალდებულის დასკვნით სიტყვას მოუსმინა და გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე გამოაცხადა.
„დიდი მადლობა, რომ ჩემს საქმეებზე დადიხართ. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. ჩემი საქმე არის შეკერილი – ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო. გმადლობ, ჩემ გვერდით რომ ხართ. ერთ რამეს გეტყვით: დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს. როცა ჩამოვა, დიდი სიყვარულით მომიკითხეთ. კარგად იყავით, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს“, – თქვა ანრი კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.
ანრი კვარაცხელიას პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.
მის საქმეში დაზარალებულად მიჩნეული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომლიდან ე. წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად არცერთი დაზიანებულა. ეს მათი საქმის არსებითი განხილვისას სხდომათა დარბაზში დაადასტურეს.
გარდა ამისა, ანრი კვარაცხელიას ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე მიუთითებს, რომ ვიდეომტკიცებულება, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა, ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია და ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც, რომელმაც ბრალდებულის დაცვის მხარის თხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა.