ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი ხალხის შანტაჟად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილი და დათქმები არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ბრიუსელი საბჭოთა რუსეთს ემსგავსება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლოდროინდელი კანონები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” უწყვეტი პროტესტისა და საგარეო კრიტიკის ფონზე მიიღო, საქართველოსთვის მისივე სიტყვებით – პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ”, „ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებასა და რევოლუციური პროცესების წახალისებაში, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.
საერთოდ არ ეწინააღმდეგება ოჯახური ფასეულობების კანონი, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამიტომ კეთილი ინებოს ყველამ… ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან – საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა? მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები და თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ, რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხდებოდა, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, როცა ბრიუსელი შენ გეუბნება, რომ უნდა დათმო მშვიდობა, სტაბილურობა, გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს სწორედ ასეთი პროცესებისგან, ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ შენ თავი არ უნდა დაიცვა რევოლუციებისგან… გამჭვირვალობის კანონს როცა გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ უნდათ მშვიდობისა და სტაბილურობის წართმევა.
თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია – ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და არ დავთმობთ”, – განაცხადა კობახიძემ.