მთავარისაქართველორას ითხოვს ბრიუსელი თბილისისგან?

რას ითხოვს ბრიუსელი თბილისისგან?

რას ითხოვს ბრიუსელი საქართველოსგან და რატომ აღიქვამს განსხვავებულად ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ გზავნილებს.

ბოლო წერილში, რომელიც 15 ივლისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოჰყვა, ბრიუსელში ითხოვენ:

1. ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს; მათ შორის კანონები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით არღვევს ისეთი მოწყვლადი მცირე ჯგუფის უფლებებს, როგორიცა ლგბტქ+ ადამიანები;

2. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;

3. ანტიკორუფციული ბიურო გახდეს კორუფციასთან ბრძოლის რეალურად დამოუკიდებელი უწყება;

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ეს წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. წერილის ბოლოს კი ეწერა, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისგან, კონსტრუქციულ პასუხს ელიან. პასუხმა არ დააყოვნა და როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვს ემსგავსება. მისი თქმით, ყველა მოთხოვნა უსაფუძვლოა და უვიზოდ მიმოსვლის საკითხით, ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ პრინციპულ კანონებსა და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ისინი პრინციპულად დადგებიან.

„კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებასა და რევოლუციური პროცესების წახალისებაში, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.

საერთოდ არ ეწინააღმდეგება ოჯახური ფასეულობების კანონი, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამიტომ კეთილი ინებოს ყველამ… ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან – საბჭოთა კავშირის დროს რა ხდებოდა? მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები და თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ, რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხდებოდა, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, როცა ბრიუსელი შენ გეუბნება, რომ უნდა დათმო მშვიდობა, სტაბილურობა, გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს სწორედ ასეთი პროცესებისგან, ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ შენ თავი არ უნდა დაიცვა რევოლუციებისგან… გამჭვირვალობის კანონს როცა გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ უნდათ მშვიდობისა და სტაბილურობის წართმევა.

თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია – ასე გვიყენებენ საკითხს. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და არ დავთმობთ”, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ უვიზოდ მიმოსვლის შეწყვეტა და სხვა სანქციები არა ქართველ ხალხს, არამედ კონკრეტულად სამთავრობო ელიტას და მასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შეეხოს. მათი თქმით, ყველა პროცესზე, რომელიც ამ ქვეყანას ევროპული სამყაროდან უკან დახევს, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას დაეკისრება.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული დამატებითი ბარიერების შექმნა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისთვის, ეს ისტორიული, ტრაგიკული მოვლენა იქნება, რადგან თუ ასე მოხდა, ჩვენ ისევ დავემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას. ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მილიონი ქართველი. მთლიანად ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს დაეკისრება. იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 15 წევრი, ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, ვიქტორ ორბანი ბლოკავს ამ სანქციების პაკეტს, ამის გამო ივანიშვილი მიდის იმაზე, რომ 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს, ეს არის ბატონი ივანიშვილის ნება.

ამაზე შეგუება ვისაც უნდა, შეეგუოს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იმდენად დიდი დარტყმა იქნება საქართველოსთვის, იმდენად დიდი ცვლილების მომტანი იქნება ჩვენი საგარეო კურსის მიმართულებით, იმდენად შეიცვლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომა, რომ ბევრად უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები, მაგრამ ივანიშვილის ნებით და მისი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაასანქციროს 4 მილონი ქართველი, რაც არის ამ ქვეყნის ნამდვილი ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის ცვლილება არის არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ აუცილებლობა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ლევან სანიკიძემ.

წერილისა და ბრიუსელში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლაა”. ამის საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ვადას უწესებს რვა რეკომენდაციის შესასრულებლად. დრო აგვისტოს ბოლომდეა. როგორი იქნება გადაწყვეტილებები თბილისსა და ბრიუსელში, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend