მთავარისაქართველობათუმში რადიოაქტიური ელემენტის უკანონო გასაღებისა და შეძენის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ბათუმში რადიოაქტიური ელემენტის უკანონო გასაღებისა და შეძენის საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის ბაჩა მგელაძის თქმით, გამოვლენილია ტრანსნაციონალური დანაშაული.

„სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ქალაქ ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს“, – განაცხადა სუს-ის  კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა.

როგორც ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური  გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით,  გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend