შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხა რამდენიმე მოქალაქე.
მათივე ცნობით, დაკავებულია 5 პირი პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით.
როგორც უწყება განმარტავს, თავდასხმამდე სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. „გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი მართავდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვანის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც არასრულწლოვანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.