თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეზე სხდომა გაიმართა. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება – დღეს, 16 ივლისს, სხდომათა დარბაზში მხარეთა კითხვებს თავად გიორგი ახობაძემ უპასუხა. დღესვე დასკვნითი სიტყვა თქვა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა. 22 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე კი, დასკვნით სიტყვას ბრალდებულის ადვოკატები იტყვიან.
ვიდრე მხარეები გიორგი ახობაძის გამოკითხვას დაიწყებდნენ, ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა – მან მოითხოვა, რომ გიორგი ახობაძეს ჩვენება მოწმეთათვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიეცა საბრალდებო სკამის ნაცვლად, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელმაც სისხლის სამართლის ამ საქმეზე მიხეილ ჯონჯოლია შეცვალა და საქმეს 7 ივლისის სხდომიდან უძღვება, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ თვლის და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციელებმა დაკავებისას „ჩაუდეს”. ის ამბობს, რომ მისი ბიოლოგიური მასალა პაკეტზე თავად პოლიციელებმა დაიტანეს და მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს ნერწყვი. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.