15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ევრონიუსი ესაუბრა ტობიას კრამერს, ევროპარლამენტის წევრს „სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის” ჯგუფიდან, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს თაობაზე მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია.
ევრონიუსი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო განიხილავს სანქციების საკითხს საქართველოზე, გასულ კვირას კი თქვენ გქონდათ ძალიან მკაცრი ანგარიში, ერთ-ერთი ყველაზე ხისტი გაფართოების ისტორიაში. კარგავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს?
ტობიას კრამერი: ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კრიტერიუმებსა და დემოკრატიულ სტანდარტებზე და ამასთან ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, უნდა ვთქვათ, რომ ეს არაა პროგრესი, არამედ ესაა დემოკრატიული უკუსვლა. ეს კი შემთხვევითი არაა, ამას აქვს მიზანი – ეს ხდება რუსული გავლენის ზრდის სასარგებლოდ. ჩვენ, როგორც ევროპელები უნდა ვიყოთ ძალიან ნათელი ამაზე რეაგირების საქმეში და ეს გულისხმობს მკაფიო სანქციებს „ქართული ოცნების” წევრებისა და მათ უკან მყოფი ადამიანების მისამართით, რომლებიც ამაზე მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ ქართული ოცნება ევროკავშირის შესახებ, იმის გამო რომ აქვთ სპეციალური ინტერესი რუსეთთან. ჩვენ, როგორც პარლამენტმა მივიღეთ ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ევროპულ საბჭოშიც რამე მსგავსს ვიხილავთ.
ევრონიუსი: როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა სანქციების სამიზნე გახდნენ მოსამართლეები?
ტობიას კრამერი: ამ მხრივ უნდა განიხილონ თითოეული საქმე, მათი, ვინც პასუხისმგებელია „ქართულ ოცნებაში” იმაზე, რაც ხდება, მათ შორისაა კონკრეტულად ივანიშვილი, ვინც ამის უკან დგას. უნდა შევხედოთ სისტემის იმ ნაწილსაც, რომელიც უკანონოდ ცდილობს, განსაზღვროს მართლმსაჯულების კურსი. საბოლოოდ ეს საკითხი უნდა განიხილონ კონკრეტული საქმეებით, ამასთან მჯერა, უნდა ვიყოთ მტკიცენი და არ მსურს, ვიხილო ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი ან სხვები, რომლებიც ცდილობენ, დაბლოკონ საერთო ევროპული ინტერესი.
ევრონიუსი: ისეთ შემთხვევებში, როგორშიც ახლა საქართველოა, თქვენი ანგარიშების ტექსტი ყოველთვის იყო უფრო ფრთხილი. ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ ხართ ძალიან პირდაპირი. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს წაგებულ ბრძოლად განიხილავთ?
ტობიას კრამერი: აბსოლუტურად არა, მე თავად ვიყავი საქართველოში, მიმდინარე კვირას შევხვდი ადამიანებს საქართველოდან, აქტიურ ოპოზიციონერებს. ვნახე, რომ მთავრობის მხრიდან არის ნათელი უკუსვლა, მაგრამ საქართველოში არის ძალიან ბევრი რამ, რაც იმედს მაძლევს. 200 დღის შემდეგაც ათასობით ქართველი გადის ქუჩაში, ამ დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მიუხედავად ქართველების 80% რჩება ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მომხრე, სურთ, ჰქონდეთ დემოკრატიული მომავალი. ამ ანგარიშში ჩვენ ვგმობთ მთავრობის დემოკრატიულ უკუსვლას, მაგრამ ამასთან ეს მთავრობა არანაირად არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ეს ხალხი ევროკავშირის მხარესაა და ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.
ევრონიუსი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე იქნებიან სანქციების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ვინ არიან ისინი?
ტობიას კრამერი: ბევრმა ჩვენგანმა იცის, თუ რომელი ქვეყნები არიან მიდრეკილნი დანარჩენი ევროპის ნების დაბლოკვისკენ. მხოლოდ იმისკენ მოვუწოდებ თითოეულ მთავრობასა და მინისტრს, რომ ერთგულნი დარჩნენ ევროპული ინტერესის მიმართ, ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ კეთილგანწყობებს, ამაში ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი დევს, ისინი კი არიან ამ კავშირის წევრები, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რომ ევროპის პროგრესი არ შეაჩერონ.
