პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ევროპელი მინისტრების შემდეგ ქართული მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
მან თქვა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, პოზიციას საქართველოს თაობაზე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ევროკავშირს სურს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, შეწყვიტოს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა.
„მე შევხვდი [ყოფილ] პრემიერ მინისტრს [გიორგი გახარიას], ვის მიმართ ბრალდებებიც ჩემთვის გამოიყურებოდა აბსოლუტურად ყალბად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას მის ევროპულ მისწრაფებაში. იმედია, საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს იმას, რისი პირობაც არჩევნებზე დადო და არა იმას, რასაც ახლა აკეთებს, რაც ევროპისგან ძალიან შორის დგას”.
ჟურნალისტებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე ჰკითხეს, მხარს დაუჭერს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთან.
როდოსლავ სიკორსკიმ თქვა: „მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში, ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გარკვეულ პერიოდში გვაძლევდა უფლებას, გვემოგზაურა საზღვრებს გარეთ. ამ დროს ძალიან ვაფასებდით ავსტრიას, შვედეთს, დასავლეთ ბერლინს, ქვეყნებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის საშუალებას გვაძლევდა და ეს იყო ჩვენი ფანჯარა მსოფლიოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათზე, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი და არა ქართველ ხალხზე”.