კატეგორიები

„რასაც ვისმენთ, სირცხვილია” – რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში” ევროპის საგარეო მინისტრების განცხადებებზე

„რასაც ვისმენთ, სირცხვილია” – რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში” ევროპის საგარეო მინისტრების განცხადებებზე

პოლიტიკოსები საქართველოში ეხმაურებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევრობლოკს საბჭოთა კავშირს ადარებს. მისი შეფასებით, გზა, რომელსაც ბრიუსელი ადგას, „სამწუხაროა“, ხოლო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება „ადამიანის უფლებების უპატივცემულობა“ არის.

„სამწუხაროა, ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს მათ შორის, კაია კალასის მხრიდან ვისმენდით. ის დღეს 2 ქართველ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი ადგას. ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, რა უნდათ – უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან? რასაც ვისმენთ, სირცხვილია. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი განმარტებები გასაკეთებელია. სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები სხედან იმისთვის, რომ შექმნან მოსამართლისთვის დამაშინებელი გარემო, რომ შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან…“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ტყუილში სდებს ბრალს საქართველოს ევროპელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. მისი თქმით, მმართველი პარტია „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ მოქმედებს. „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ბრიუსელის დათქმები მიუღებელია.

„ამდენი ტყუილი, ამდენი სიცრუე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს, არ მიუერთდა სანქციებს, არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ყველაფერს უკადრებელს კადრულობენ და ამ განცხადებების სახით ვისმენთ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამასთან, დასძენს – „ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს“:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, პოლიტიკაა, ცხოვრებაა, ხან ისე ხდება, ხან ასე ხდება, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც ახდენენ გავლენას ამა თუ იმ მოვლენაზე…

ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია, ძირითადი ბაზა, რაც აუცილებელია ამ საკითხის დაცვისთვის და საუბარია უსაფრთხოების დაცვაზე – მყარია. დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ, სად არის პრობლემა და რა შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ საკითხს რაიმე რეალური საფრთხე არ შეექმნას. ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საკითხს საფრთხე არ შეექმნას. წერილი მოვიდეს და ვნახავთ, რა წერია. წერილს ძალიან გულისყურით განვიხილავთ. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან არაერთი უსამართლო ნაბიჯი და პირობა იყო მიღებული. ამიტომ, მოლოდინი არ მაქვს, რომ კაია კალასის მიერ ნახსენებ წერილში რაიმე გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე იქნება…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები