მთავარისაქართველომორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

მორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე

ფოტო არქივიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეთა კითხვებს პროკურატურის მიერ საქმეში წარმოდგენილმა კიდევ ერთმა ექსპერტმა, ვალერიან მესხმა უპასუხა.

სხდომის დაწყებისას პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს ახალი მტკიცებულებები – ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგები, რომელიც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ადვოკატების პოზიციით, სასამართლოს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ეცნო, რადგან ამ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაცვის მხარე ინფორმირებული არ ყოფილა.

თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიჩნია, რომ „მტკიცებულებებს აღნიშნულ საქმესთან რელევანტური კავშირი აქვს” და პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. შედეგად საქმეს ახალი სადავო მტკიცებულებები დაერთო და მოწმეების სიას ექსპერტი ვალერიან მესხი დაემატა.

იგი მხარეთა კითხვებს პროცესზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის თქმით, მან ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც საკვლევად წარედგინა, ბრალდებულები: ირაკლი ქერაშვილი, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია და სერგეი კუხარჩუკი ფიგურირებდნენ.

მოგვიანებით სასამართლო ბრალდების ვიდეომტკიცებულებებს იკვლევდა.

ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend