მთავარისაქართველო„ამ ფაქტს სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“ - ...

„ამ ფაქტს სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“ – Amnesty International-ის განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ

ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ბაჩიაშვილს არ მიეცა ადვოკატთან დროული კომუნიკაციის უფლება მაშინაც კი, როცა მას ფიზიკური დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

„ქართველი პოლიტიკოსის, ივანიშვილის ყოფილმა თანაშემწემ, გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში ფიზიკური თავდასხმის შესახებ განაცხადა. მას ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლება არ მიეცა, მათ შორის მკურნალობის საჭიროების დროს. ამ ფაქტს სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”, – ნათქვამია პლატფორმა X-ზე Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს თავდაპირველად მედიამ გაავრცელა. მოგვიანებით კი, ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატებმაც დაადასტურეს. ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სხეულზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები დასჭირდა, მედიასთან დაადასტურა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. სწორედ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი სხეულის დაზიანებებით. მოგვიანებით კი, კვლავ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაავრცელა საჯარო წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერს მის მიმართ ძალადობასა და სავარაუდო მუქარას. გიორგი ბაჩიაშვილის ცნობით, 11 ივლისს მას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს – მისივე ცნობით, საკანში შეიყვანეს უცნობი პირი, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა.
ბაჩიაშვილი წერს, რომ რამდენიმე დღით ადრე, 8 ივლისს, დაწესებულების დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა მას მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილისთვის მიეცა წვდომა თავის საბანკო ანგარიშებზე, კრიპტოვალუტისა და სხვა ციფრული ქონების დეტალებზე. წერილის თანახმად, ამ შეთავაზების უარყოფის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილი დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

პენიტენციურმა სამსახურმა მომხდარის შესახებ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოვლინდა მსჯავრდადებულ ბაჩიაშვილსა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდადებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გლდანის მერვე დაწესებულებაში „გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება სრულად დაცულია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend