ბრიუსელში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ ანტონიუ კოშტას შეხვდა.
მხარეებმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ არსებულ დადებით დინამიკაზე, პარტნიორობის გაძლიერებისა და განმტკიცების გზებზე იმსჯელეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით ევროკავშირი სომხეთს 270 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ ერევანსა და ბაქოს შორის „რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი“ სამშვიდობო შეთანხმებას.
A pleasure to have you back in Brussels, dear @NikolPashinyan.
You have demonstrated Armenia’s deep commitment to peace and stability.
As our ties grow closer than ever, the EU’s Resilience and Growth Plan is a strategic investment in Armenia’s future ↓ https://t.co/VFYAJEfwp2
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 14, 2025
„დიდი პატივია, კვლავ გხედავდეთ ბრიუსელში. ჩვენ ერთმანეთს გასულ წელსაც შევხვდით. მე ვთქვი, რომ ევროპა სომხეთს მხარში დაუდგება. სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები მტკიცეა ისე, როგორც არასდროს. პარტნიორობის დღის წესრიგში დგას ძალიან ამბიციური გეგმა, მათ შორის არის სირთულეებთან გამკლავებისა და ზრდის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სომხეთისთვის 270 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მიწოდებას. ევროპის მხრიდან ეს აჩვენებს მხარდაჭერის მზაობას. ვიცით, რომ თქვენი მშვენიერი ქვეყანა შეძლებს და ითამაშებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში. აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროექტი არის გადამწყვეტი მომენტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მტრობას დაასრულებს. ვიმედოვნებ, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს გზაზე ევროპა მუდამ თქვენ გვერდით იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გასაძლიერებლად. გვსურს ჩვენი თანამშრომლობის განვითარება. ვიმედოვნებ, ეს შეხვედრა დაგვეხმარება წინსვლაში. ახლახან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ეწვია სომხეთს. მაქვს ინფორმაცია, რომ გვაქვს წინსვლა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის ევროპელ დიპლომატებს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და ეს შეხვედრა ძალიან დროულია ამისთვის. სრულიად გეთანხმებით, რომ თვალშისაცემია ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის სწრაფი განვითარება. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან ეს არის ჩვენი სტრატეგია. მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაში. ვფიქრობ, დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.