ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მორიგ პროცესზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დაკითხეს.
სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა გაიხსენა 11 იანვრის ღამით მისი დაკავების ეპიზოდი და პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენები. ჟურნალისტმა ისაუბრა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მხრიდან მისდამი შეურაცხმყოფელ, ღირსებისშემლახველ და არაადამიანურ მოპყრობაზე. მანვე თქვა, რომ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა იყო „იმპულსური რეაქცია პოლიციელის მხრიდან დამამცირებელ და უპასუხისმგებლო კომუნიკაციაზე“ და „არ იყო დაგეგმილი“. მზია ამაღლობელის თქმით, ის ირაკლი დგებუაძეს არ იცნობდა.
„არ ვიცი, ე.წ დაზარალებულ დგებუაძეს რაში დასჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიასა და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი, ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყავდი, მესმოდა გინების ხმა – ვბრაზობ ხოლმე, აი, ბრაზი მახრჩობს. დგებუაძემ მკითხა, როგორ დამარტყიო, თავზე მედგა, ვცდილობდი, არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემკენ. შემიძლია, მოსამართლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის.
ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა, რომ უნდა დაერტყა. სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა. ჩემ თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი… ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან…“ – თქვა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
ჩვენებაში ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ასევე თქვა, რომ „მთავრობები პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას არ სწყალობენ“:
„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას. მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა. პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს. ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია. ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
მანამდე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს არ მისცა საშუალება, ჩვენება მიეცა მოწმის ტრიბუნიდან.
14 ივლისის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოში შვედეთის, ესტონეთის, ნორვეგიისა და დანიის ელჩები. დიპლომატების გარდა დარბაზში იმყოფებოდნენ უფლებადამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“. პროცესზე დასასწრებად ისინი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც დამსწრეთა პროტესტი მოჰყვა. მანამდე კი, მოსამართლემ სასამართლო დარბაზი დაატოვებინა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მისულ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს. ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებამ ხმაური გამოიწვია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც.
14 ივლისის სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის იყო მოთხოვნა „ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის, ასევე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, დაკითხვის თაობაზე. ჟურნალისტის უფლებადამცველების თქმით, ისინი მზია ამაღლობელის შესახებ ცრუ განცხადებებს აკეთებენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
14 ივლისის სხდომაზე ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, ერთ-ერთ ვიდეოში საპროტესტო აქციების მონაწილე მალხაზ ირემაძე ამბობს, რომ 11 იანვრის ღამით ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მასზე იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სხდომა 21 ივლისს უნდა გაიმართოს.
