კატეგორიები

პოლიტიკური მემორანდუმი – მზადება არჩევნებისთვის

პოლიტიკური მემორანდუმი – მზადება არჩევნებისთვის

ერთი მიზანი – ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და განსხვავებული პოლიტიკური სტრატეგია ოპოზიციაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ ერთობლივი ძალებით გეგმავენ. თანამშრომლობის მემორანდუმს პოლიტიკური პარტიების გენერალურმა მდივნებმა ხელი 14 ივლისს მოაწერეს. ამბობენ, რომ ბოიკოტმა თავისი გააკეთა და ახლა პარტიებმა სხვა ნაბიჯებით უნდა მოახერხონ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერყევა.

„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ“, – აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

ორ ოპოზიციურ ცენტრს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ეცდებიან საზოგადოებას საერთო მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატები წარუდგინონ, თან არაპარტიული და ბევრისთვის მისაღები ფიგურები.

„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მზად ვართ, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ვაცხადებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ, რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით ამ კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმატში“, – აღნიშნა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

ყოფილი სახელისუფლებო პარტია ორი ყოფილი მეტოქის დაზავებას, „პოლიტიკურ ქორწინებას“ უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კონკურენტ პარტიებს სტრატეგიას უწუნებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ბოიკოტით, პროტესტითა და საგარეო მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

„ამ პოლიტიკური ქორწინებით გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კი არა, ბიძინა ივანიშვილთან გაფორმდა თანამშრომლობის პაქტი. მესმის, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერთა შეფასებით, ეს შეთანხმება ორი ურეიტინგო პარტიის მცდელობაა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სხვა სცენარით იმოქმედონ. მმართველი პარტია ამ სვლაშიც ხედავს უხილავი უცხოური ხელის ფათურს, რომელსაც ე.წ. „დიფ სტეიტს“ უწოდებენ.

„საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ახალი ნამდვილად არ არის. ილუზიებში არიან „ლელო“ და გახარია. დღეს მათ აქვთ ილუზორული წარმოდგენა, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე შეძლებენ სადმე „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით დამარცხებას, მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი და ასე ღიად განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა. კი ბატონო! არჩევნები ძალიან მალე იქნება და კიდევ ერთხელ გაიზომება ყველა პარტიის რეიტინგი და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ აგენტებს საქართველოში, მის პოლიტიკურ ზედაპირზე ნამდვილად არ ესაქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ უმცირესი მხარდაჭერით იქნება გაზომილი, რასაც ისინი მიიღებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.

მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია. პოლიტიკურ ველზე წინასაარჩევნო ბრძოლის კონტურები უკვე გამოიკვეთა, თუმცა საერთო სურათი ჯერ ისევ შექმნის ეტაპზეა. კიდევ ვინ ვისთან დაახლოვდება, ან რომელი პარტია ვისთან შეწყვეტს თანამშრომლობას, ჯერ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები