კატეგორიები

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების პატიმრობას ეხმაურება

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების პატიმრობას ეხმაურება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

დიპლომატი საუბრობს საქართველოს ხელისუფლებისადმი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ქვეყნის სხვა ევროპელი პარტნიორების მოწოდების შესახებ, რომელიც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. გარეტ უორდი საუბრობს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზეც და ამბობს, რომ ხელისუფლების კრიტიკის გამო მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად.

კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.

დიპლომატი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ეხმაურება და მათ „ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან“ შეუსაბამოს უწოდებს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად ჟურნალისტების დაკავებას, დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.

ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, რომლის ვიდეომიმართვას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები