მთავარისაქართველორუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ექსპერტ-კრიმინალისტები და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან თითქმის ორი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის განცხადება. უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება „2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციას“.

პროკურატურა წერს, რომ „საქმის ეფექტურად გამოძიების მიზნით, დაზარებულების მონაწილეობით ჩატარებული გამოძიება უწყებას მისცემს იმის საშუალებას, რომ სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და გამოიკვლიოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა“.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღით გადამეტების ფაქტებზე“, – წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის დაშლისა და სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამატების საქმეზე, 2024 წლის მაისში, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე. მათი მტკიცებით, დაზიანდნენ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.

მომჩივნები ასევე ევროპული კონვენციის გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების შესაბამისი მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ თავი შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.

2019 წლის 20 ივნისის საღამოს რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის დეპუტატისა და „კომუნისტური პარტიის“ წევრის, სერგეი გავრილოვისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას. ის თბილისში რუსულ დელეგაციასთან ერთად იყო ჩამოსული, „მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ ფარგლებში.

იმავე საღამოს საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს, მათ შორის ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად ორმა პირმა თვალი დაკარგა, კიდევ ოთხმა – მხედველობა.

საქმის საერთაშორისო დონეზე გამოძიების გარდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა დროს საქართველოს პროკურატურამაც გამოჰკითხა. ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლის საქმეზე „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიკითხნენ შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატის იმდროინდელი ხელმძღვანელი გიორგი ჭოლაძე.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend