მთავარისაქართველორუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

რუსული სახელმწიფო მედიის თანახმად, რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს.

გამოცემა TASS-ის ცნობით, რეგულარული მარშრუტი ერთმანეთთან ოკუპირებულ სოხუმსა და სოჭს დააკავშირებს. საკითხი განხილული იყო სოხუმში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოსა და აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტის“, ბადრა გუნბას შეხვედრაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგოსექტორებში  თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ბოლო ერთ წელიწადში ეს სერგეი კირიენკოს მეოთხე ვიზიტია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2025 წლის პირველი მაისიდან კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. აფხაზეთის ომის შემდეგ პირველად, სოხუმში მოსკოვიდან შესრულებული რეისი დაეშვა.

მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ „სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედება უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend