ლიეტუვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბელარუსიდან მათ ტერიტორიაზე უპილოტო დრონი ჩამოვარდა.
ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დარღვევამ განგაში გამოიწვია, რის გამოც პრემიერ-მინისტრი გიტანას ნაუსედა და პარლამენტის სპიკერი საულიუს სკვერნელისი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
თავდაპირველად, ადგილზე ნატოს ბალტიის საჰაერო საპატრულო თვითმფრინავები გაგზავნეს, თუმცა ისინი უკან გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ობიექტი საზღვრიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
„ობიექტი ამჟამად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დანიშნულება ჰქონდა მას“, – განაცხადა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრში აცხადებენ, ხისგან დამზადებული მომცრო თვითმფრინავის მსგავსი ობიექტი „ხელნაკეთის“ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანახმად, მათ აქამდეც ხშირად დაუფიქსირებიათ ბელორუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის, ბუშტების ან დრონების გამოყენებით ლიეტუვაში შეტანის მცდელობის შემთხვევები.
გასული წლის სექტემბერში ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 90 კილომეტრში ლატვიაშიც ჩამოვარდა რუსული სამხედრო დრონი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა და სავარაუდოდ, უკრაინაში გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი.