მთავარისაქართველოსაბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

„დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეეძლო თუ არა გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ. მე განზრახ ვამოწმებდი, რასაც კითხულობდა, იმ ტექსტის წაკითხვას და სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დასჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილს წაკითხული ტექსტის განმარტებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი თამარი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა”,- განაცხადა საბა ჯიქიას ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

საბა ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა” და „პოსტივიმ” გაავრცელეს კადრები, რომლებშიც, მათივე თქმით, ჩანს, რომ საბა ჯიქია პოლიციელს თავს ესხმის დანით ხელში, თუმცა პროკურატურა ბრალდებულს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იმას ედავებოდა, რომ საბა ჯიქია „თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ძირს დავარდნილ პოლიციელს ფეხი დაარტყა”.

თავად ბექა გოტიაშვილმა, რომელზე თავდასხმასაც პროკურატურა საბა ჯიქიას ედავებოდა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ის არ დაზიანებულა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე. სანამ სხდომა დაიწყებოდა, ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ის შვებულებაში იყო, თუმცა ამის შესახებ მოსამართლემაც კი არ იცოდა. პროცესს სხვა პროკურორი ესწრებოდა.

მოსამართლემ პროკურორების მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სანამ საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებდა ბრალდებულმა, რომელსაც 19 წელი ციხეში შეუსრულდა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

„დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდული წლების ოთხ კედელში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითი რაღაცებიც მოჰყვა. დიდი ოჯახი შევიძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაც არის, შვილიშვილებისთვის ძალიან მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი, მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, – თქვა საბა ჯიქიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend