პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ის მუდმივად ინტერესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. რაც შეეხება გამოძიებას, მისი თქმით, ჯერჯერობით მან სიახლეების შესახებ არ იცის და ელის შესაბამისი ძალოვანი უწყებების განცხადებას.
კობახიძემ მედია, კონკრეტულად კი კრიტიკული ტელეკომპანიები, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საზოგადოებრივი სტრესის შექმნაში და თქვა, რომ შესაძლოა ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ტყუილებით გამოწვეულ სტრესს ვერ უძლებდეს.
„მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.
რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული. ჩემთვის არაა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია.
რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ.
ჩვენ მას არაფერს ვაბრალებდით. ჩვენს გუნდს თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს.
მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ყოველ ჯერზე ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი“,- განაცხადა პრემიერმა.