„ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი…“ – ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები ისმის, რაშიც ირაკლი კობახიძე კონკრეტულ მედიასაშუალებებს ადანაშაულებს.
„უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“. ზოგადად, გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული, სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, რომ დათესოს სიძულვილი ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია და ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილის მუდმივი დათესვა ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეც და მისი თანაპარტიელებიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, თორნიკე რიჟვაძის საქმის ირგვლივ გამოძიება ეფექტიანად ჩატარდეს – ამის გაკონტროლებას კი თავად კობახიძე აპირებს.
„სიმართლე არ დაიკარგება. თითოეული ჩვენგანი იქნება აქცენტირებული, რომ სიმართლე გაირკვეს – რასთან გვაქვს საქმე? რას ნიშნავს ამ წერილის შინაარსი და, ზოგადად, რამ მიიყვანა [თორნიკე რიჟვაძე] ამ მდგომარეობამდე?“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე კვლავ არაერთი კითხვა აქვთ „ქართული ოცნების“ ოპონენტებს და სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვთ. ოპოზიციის ვარაუდით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელწერაა.
მათ აეჭვებთ იმ წერილის ავთენტურობაც, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ და გამოცემა „პრაიმტაიმმა“ გაავრცელეს და თქვეს, რომ ის თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის.
„ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი სცენარი, მათი განხორციელებული პროცესი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გაირკვევა, როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში ის რეჟიმი, რომელმა რეჟიმმაც ქვეყანას სუვერენიტეტი, დემოკრატია მოუსპო. ფაქტობრივად, კორუფცია გაამეფა და ის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ…“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი.
„ირაკლი კობახიძე თუ ფიქრობს, რომ ვინმე სერიოზულად მიიღებს იმ განცხადებას, რომ ბატონი რიჟვაძე ოპოზიციური ტელევიზიების განცხადებებით დაისტრესა, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. დაველოდოთ გამოძიებას, რას იტყვიან. იქ იყო წერილზეც საუბარი. ერთ დღეს ერთს ლაპარაკობდნენ წერილზე, მეორე დღეს – მეორეს… ახლა „ოცნებაში“ რა გარჩევებიც მიდის კლანებს შორის, ეს არის ამდენი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან და ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებაში“ ბევრი ძალიან ნერვიულობს და ყოველ საღამოს, დაძინებამდე ჯიბეებს იმოწმებს, ვინმეს წერილი ხომ არ უდევს… დარწმუნებული ვარ, „ოცნებაში“ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს მოპარული ბიუჯეტიდან და ხალხისგან“, – თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ჭანტურიამ.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან რამდენიმე საათში, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ, საჰაერო გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს – სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის სურვილით.
„მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს…“ – თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მკურნალობის პროცესის პარალელურად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსი ახვლედიანი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი იმ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული, რომლითაც თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაც. მარიამ ქვრივიშვილმა ახვლედიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს, „ფეისბუკ-პოსტით” გადადგა. 7 ივლისს მომხდარი შემთხვევის შემდეგ მის მოსანახულებლად კლინიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი იმყოფებოდნენ.
ორი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ წერილში ნახსენებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.