თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 ივლისს, საპროტესტო აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის სამი მოწმე – პარტია „ახლის“ წევრები ივანე წერეთელი და ნინო გოგინაშვილი და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაკითხეს. ასევე გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებული ვიდეოები. ეს ის ვიდეომტკიცებულებებია, რომლებიც ასახავს თავისუფლების მოედანზე 2024 წლის 4 დეკემბრის საღამოს განვითარებულ მოვლენებს.
„დაიკითხა დაცვის მხარის სამი მოწმე, რომლებიც ჩანდნენ „ქორთიარდ მერიოტის” ვიდეოებში და დაადასტურეს, რომ საბას ესაუბრებოდნენ იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ე.წ. „ტიტუშკები” და არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
დადასტურდა ჩვენი მოწმეთა სიმართლე, რომლებიც ამბობენ, რომ ნამდვილად საბას ესაუბრებოდნენ, ვინაიდან ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი საბასთან ერთად საუბრობს, ასევე ვიდეოზე ჩანს, რომ საბა სხვიტარიძეს ხელში არაფერი უკავია, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა ამ ხნის განმავლობაში, რომ ეჭირა დიდი ხელკეტი.
ვიდეოში გამოჩნდა, რომ მისი ორივე ხელი არის თავისუფალი და მას არ უკავია არანაირი ხელკეტი, შესაბამისად, დაცვის მხარის ის პოზიცია, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, ისინი პოლიციელები იყვნენ, დადასტურებულია არაერთი მოწმის მიერ, ათეულობით მოწმით, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ ჯერ გამოძიების ეტაპზე და შემდეგ სასამართლო სტადიაზე”, – განაცხადა საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
საბა სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმეზე მორიგი სხდომა კი 24 ივლისს ჩაინიშნა.