მთავარისაქართველოპოლიტიკოსები ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შესახებ

პოლიტიკოსები ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შესახებ

490 მომხრე, 147 წინააღმდეგი – საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია მიღებულია. ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში ყველაზე რთული დოკუმენტი – ასე უწოდებენ პროექტის ავტორები ამ რეზოლუციას.

ტექსტის მთავარი სათქმელის მიხედვით, უკანასკნელი რეპრესიული კანონები ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. მორიგი რეზოლუციის მიღება განხილვის საკითხია ქართულ პოლიტიკაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ამ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებენ ცალკეული ევროპარლამენტარები, რომელთაც საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ, არ იზიარებენ დოკუმენტის შინაარსს და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„რაისა [რასა იუკნევიჩიენე] კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს, ოღონდ ცარიელ დარბაზში. წარმოგიდგენიათ, 700-ზე მეტი ევროპარლამენტარია იმ ორგანიზაციაში გაწევრიანებული, რვა კაცი იყო, ნახეთ ხომ? ჩვენს ოპოზიციურ არხებს ჯერ არ უნდოდათ, ეს „ფართო კადრი“ აეღოთ, მაგრამ გამოჩნდა.

იმ რვა კაციდან, სამმა თავზე დაახურა, უთხრა, მიუთითა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც ჩასაფრებული არიან საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოსთან რა გინდათ, მშვიდობა შეინარჩუნეს, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს იმპიჩმენტს უწყობენო.

მე თუ მკითხავთ, არსებობს გონივრული ეჭვი, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული თემები ევროპარლამენტში, რომ ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან. ასეთი პრობლემები აქვთ და რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, იცლიან, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დაკავებული მოძალადეები სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან.

მინდა, კითხვა დავუსვა კალასს, ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს პოლიციელს, რა პოზიცია გექნებათ, იტყვით, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო? არ იტყვით. ვნახეთ, როგორ იქცევით თქვენს სახელმწიფოებში და საქართველო რატომ გგონიათ მაჩანჩალა, მესამე და მეოთხე რანგის ქვეყანა? ყველა პუნქტში, ყველა ინდექსში საქართველო წინ არის, ვიდრე თქვენი სახელმწიფოები. მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, სიტყვის თავისუფლებაში, მათ შორის მთავრობის მიმართ ნდობაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ, მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაშავებას. ყველაფერი ჩანს, ეს როგორი ხელოვნურიც არის. ასე რომ, რაისას გადაეცით, გორბაჩოვს ვაფიცებ, არ უნდა ეს, შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით. რა არის ეს? ეს არის თავისუფლების, მშვიდობის, მართლმადიდებლობის, ქართული ღირებულებების დაცვა, რომლებიც არის იგივე ევროპული ღირებულებები და ჩვენ ამას ბოლომდე გავიტანთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, პოლიტიკური ოპოზიცია ამ რეზოლუციის სათქმელს, ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერად თვლის და კრიტიკის ადრესატად „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, საქართველო ევროკავშირში კვლავ აქტუალურია და ეს რეზოლუციაც ამისი მკაფიო გამოხატულებაა.

„ევროპარლამენტის მიერ განხილული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უახლოეს მომავალში, 15 ივლისს, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ევროპული საბჭოს მსჯელობა იგეგმება.

ამ უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი, ისტორიული მსჯელობის წინ ევროპარლამენტის მიერ ძალიან ნათელი პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმურად ცნობა, რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობა და ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, საფრთხე გვემუქრება, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, არამედ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ეს ნათელს ხდის, მათ შორის, უპირველესად იმ ხალხისთვის, ვინც კიდევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ყველას, ვისაც საქართველოს მომავალი, მისი ევროპული მომავლის ბედი აწუხებს, ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოს“,- განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

ახალი დოკუმენტი წინა რეზოლუციის სულისკვეთებას იმეორებს, თუმცა ჩამატებულია ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას გმობს.

რეზოლუციის მიღებას ერთი დღით ადრე, 8 ივლისს, წინ უძღოდა დებატები. გამომსვლელ ევროდეპუტატთა უმრავლესობამ გაიზიარა დოკუმენტში მოყვანილი საკითხები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მცირე ჯგუფმა კი განსხვავებული შეხედულებები გამოხატა.

ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის უთანხმოება იმდენად მზარდია, რომ ურთიერთობები ფაქტობრივად შეჩერებული, კანდიდატი ქვეყნის ევროინტეგრაცია კი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია.

15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ანალიტიკოსების აზრით, ევროპარლამენტის ამ კრიტიკულმა რეზოლუციამ შესაძლოა მათ პოზიციებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend