მთავარისაქართველონარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა 34 პირი დააკავეს.

ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის, გელა გელაძის თქმით, ოპერატიული საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით მისამართზე ჩატარდა. მისივე განცხადებით, დაკავებულთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ნაწილი კი უცხო ქვეყნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულთა უმეტესობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას უკანონოდ ასაღებდა, ასევე ბრალდებულთა ნაწილი მხილებულია ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში.

„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ადგილებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში.

ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, – განაცხადა შს მინისტრმა გელა გელაძემ ძალოვან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების გარდა სამართალდამცველებმა ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend