თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის, მორიგი პროცესი გაიმართა.
დღეს, 8 ივლისს, სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ, დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე. ერთი, რომელიც ჩხრეკას დაესწრო გიორგი ახობაძის სახლში და მეორე, რომელიც ბრალდებულს თან ახლდა, როცა შეაჩერეს და გადმოიყვანეს მანქანიდან. ეს მოწმეები ლევან ბერიძე და ნინო ზოზიაშვილი იყვნენ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი იყო ლევან ბერიძის ჩვენება, რომელიც იყო უტყუარი, დამაჯერებელი არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ არგუმენტაციით, ემოციურად, მორალურად, ყველანაირად იყო გამართული ლევან ბერიძის ჩვენება.
ვფიქრობ, ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს დარჩებოდა იმის აღქმა, რომ ლევან ბერიძის ჩვენება არის უტყუარი და ამავდროულად დამაჯერებელი, ვინაიდან არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში მას ტყუილი არ უთქვამს, არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. მას არსებითად საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის”, – განაცხადა გიორგი ახობაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.