სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს, რომ პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილთან შელაპარაკებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე გახნიაშვილმა მიიღო.
საქმე ეხება 28 ივნისს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიასა და პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას. სამართალდამცველი დაზარალებულად არის ცნობილი 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული მათე დევიძის საქმეში.
„ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – დაწერა ალბი კორძაიამ „ფეისბუკზე“.
სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 4 ივნისს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის, შეურაცხყოფისთვის.
2025 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დასჯადი გახადა საჯარო თანამდებობის პირების, ასევე სამართალდამცველების შეურაცხყოფა. სამართალდარღვევის შემთხვევაში სასჯელის სახით პირს ეკისრება 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეგულაცია სოციალურ ქსელებზეც გაავრცელა. ამ მიზეზით, ბოლო თვეების განმავლობაში „ფეისბუკზე“ დაწერილი პოსტებისა და კომენტარებისთვის რამდენიმე ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააჯარიმეს.