მთავარისაქართველომზია ამაღლობელის პროცესზე ეთერ თურაძე დაკითხეს

მზია ამაღლობელის პროცესზე ეთერ თურაძე დაკითხეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამჯერად სისხლის სამართლის საქმეზე.

ვინაიდან ჟურნალისტებს აღარ აქვთ შესაძლებლობა კამერებზე ასახონ ის, რაც დარბაზში თუ სასამართლოს ეზოში ხდება, „ბათუმელებზე” დაყრდნობით გიყვებით პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

მოწმის სახით პროცესზე „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დაიკითხა. მან თქვა, რომ ადრე იმ დარბაზიდან მისცა ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დროს კუდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ.

ეთერ თურაძემ თქვა ისიც, რომ მოვა დრო, როდესაც ამ დარბაზში ჩვენებას მისცემს ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას წინააღმეგ.

შემდეგ ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა, მოჰყვა, რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მზიას პროექტებმა უკეთესობისკენ, როგორ შეძლო, რომ აჭარის არაერთ სოფელში მიეტანა ათასობით ლარის ლიტერატურა და ბავშვებს მასზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ.

ეთერ თურაძემ ისაუბრა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან თქვა, რომ მას პრობლემები ჰქონდა ყოველთვის, ახლა კი მისი მხედველობა არის კრიტიკულად მძიმე.

ცოტა უფრო ადრე ერთ-ერთმა მოწმემ, პოლიციელმა გოჩა ვანაძემ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი მან დააკავა. დაცვის მხარემ კი წარადგინა ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტის დაკავების დროს, გოჩა ვანაძე ჭიშკართან დგას, ხოლო მზია სხვა პოლიციელებს შეჰყავთ პოლიციის შენობაში.

კიდევ უფრო ადრე ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მოითხოვა „ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის, გამოკითხვა. ეს იმიტომ რომ წილოსანმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა – ციტატა მისი განცხადებიდან „დაქირავებით, ფულის გადახდითა და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში”.

მზია ამაღლობელი მეშვიდე თვეა წინასწარ პატიმრობაშია. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის მიერ სახეში სილის გაწვნის გამო ბათუმის პოლიციის უფროსს „ჰქონდა ფიზიკური ტკივილი”.

მასალა მომზადებულია გამოცემა „ბათუმელებზე” დაყრდნობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend