მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ გამოსცეს შეწყალების აქტი პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე იმ დათქმით, თუ ისინი მას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ და დაადასტურებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდადებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდადებულების შეწყალების თაობაზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება და შესაძლებელი გახდეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
30 ივნისს, რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და შეთანხმდა, რომ ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამ განცხადებას ჯერჯერობით არ შეუერთდნენ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.