ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. დღეს, 4 ივლისს, უწყვეტი აქციის 127-ე და შიმშილობის მე-16 დღეა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა, სამმა კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
პროტესტის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება. ერთ-ერთი მაღაროელის, მირზა ლოლაძის, მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მას სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
მაღაროელები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ პროცესში ჩასართავად არაერთხელ მიმართეს მთავრობას და ჭიათურის გარდა თბილისშიც მართავდნენ საპროტესტო აქციებს.
პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო ხელფასების დროული და სტაბილური გაცემა. შვიდ მარტს დასაქმებულებმა გაიგეს, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი აღარ აღდგებოდა, თუმცა 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“. მაღაროელები და სხვა თანამშრომლები გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად დაიბარეს, თუმცა მათმა ნაწილმა ხელის მოწერაზე იმ არგუმენტით თქვა უარი, რომ ეს ყველაფერი, მათივე შეფასებით, სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია.