მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენებმა თქვეს, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ბიზნესგარემო, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 24 ივნისს შეცვალა ლევან დავითაშვილი.

ბიზნესმენთა ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არსებობს, თუმცა აცხადებენ, რომ სტაბილურობა მნიშვნელოვანია. მედიის კითხვაზე, რამდენად მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საპროტესტო აქციები ეკონომიკურ პარამეტრებზე, ბიზნესმენთა ნაწილი პასუხობს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის პარამეტრია. ამით საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორისაც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს“, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ.

ბიზნესსექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი უსაფუძვლოს უწოდებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენიებას და ამბობს, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებს. ნაწილი კი ამბობს, რომ შეხვედრის ფორმატი ამ თემაზე საუბარს არ ითვალისწინებდა.

„მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] ჩემი მეგობრები არიან და განვიცდი ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმას გააჩნია, სად უნდა ილაპარაკო ამის გარშემო, ეს ფორმატი არ ყოფილა დღეს“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესსექტორთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც.

„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.

ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე 2024 წლის 24 დეკემბერსაც შეხვდა – თითქმის ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა, დღის წესრიგში დაეყენებინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მაშინ ბიზნესმენთა ნაწილი ამბობდა, რომ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პრემიერისგან მიიღეს დაპირება, აქციებისას დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend