კატეგორიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამძიმარი ირანს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამძიმარი ირანს

საქართველოში ირანის საელჩოს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნის“ ღონისძიებას დაესწრო.

დიპლომატიური წარმომადგენლობა წერს, რომ 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ „თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები“.

„დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, – წერია საქართველოში ირანის საელჩოს განცხადებაში.

ევრონიუს ჯორჯიასთვის მიწოდებულ განცხადებაში საქართველოში ისრაელის საელჩო ამბობს, რომ მომხდარით „შეძრწუნებულია“.

„შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში. იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში. ეს მორალურად არასწორია“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები