კატეგორიები

„სტიქიური ზონა – შესვლა სახიფათოა!“

„სტიქიური ზონა – შესვლა სახიფათოა!“

„ვალი ახლაც მაქვს, რემონტი გავაკეთე , ერთი წელი უნდა ვიხადო კიდევ, ძნელია … ძნელია… მტერს არ ვუსურვებ“, – წუხს სოფელ ხემაღალში მცხოვრები მზია დევდარიანი, რომლის სახლიც მეწყერმა დააზიანა.

ხარაგაულის სოფლები ხემაღალი და ღვერკი სტიქიურ ზონებად გამოცხადდა. განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან, მერიის ინფორმაციით, უკვე 17 ოჯახი გაიყვანეს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად მცირე ზომის ნაპრალები შენიშნეს, თუმცა სტიქია დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება.

„8 ივნისიდან შევატყვეთ ბზარები, ნელ-ნელა წამოვიდა და იმატა, დღითიდღე 5-7 სანტიმეტრით იმატებს. ძალიან არის ჩავარდნილი, კაცის სიმაღლეზეა უკვე. გვეუბნებიან, რომ დროებით მაინც გადით, ნუ იცხოვრებთ აქ, საშიში ზონაა გამოცხადებული უკვე. უნდა გავიდეთ, ამაღამ მაინც უკვე ვეღარ გავჩერდები, წუხელ თეთრად გავათენე მთელი ღამე“, – ამბობს მზია დევდარიანი.

მეწყრის გამო დაზიანებულია საავტომობილო გზებიც. მაგალითად, სოფელ ღვერკისკენ მიმავალ ერთ-ერთ გზაზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული. ამავე პრობლემის წინაშე აღმოჩენის შიში აქვთ სოფელ ხემაღალშიც.

ადგილობრივები მეწყრული პროცესების განვითარებას ავტომაგისტრალის მშენებლობისას გასულ წელს წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს უკავშირებენ.

რამდენად მასშტაბურია სტიქია, როგორია პირველადი შეფასება და რა პროგნოზები აქვთ სპეციალისტებს ევრონიუს ჯორჯიასთვის გაურკვეველი დარჩა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა და წერილობით გვიპასუხა:

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები პროცესების განვითარების დღიდან ადგილზე იმყოფებიან და აფასებენ რისკის ზონაში ოჯახებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. მათ მიერ შესაბამისი რეკომენდაციები ადგილზე გაიცემა, ასევე მომზადდება შეფასებები, რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეგზავნება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

წერილობითი პასუხით შემოიფარგლა ხარაგაულის მერიაც:

„სტიქიური პროცესების ზონაში ვითარება ყოველდღიურად კონტროლდება. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც ახორციელებენ მიწის სტრუქტურის შესწავლასა და  ნაპრალების დაკვირვებას.

მოსახლეობა, რომლის საცხოვრებელი სახლებიც მეწყრის უშუალო საფრთხის ქვეშ მოექცა, უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე. მათ საცხოვრებლით  უზრუნველყოფს მერია.

დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღება სპეციალისტების საბოლოო რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

ღვერკისა და ხემაღლის მოსახლეობა ახლა გეოლოგიური დასკვნის მოლოდინშია. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ დაეხმარება მათ ხარაგაულის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ეხმარებიან.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები