საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონში ცვლილებას, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამ ცვლილებით არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი დგინდება.
პოლიციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უფლება ექნება შევიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კერძო საკუთრებაში, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართში და შესაბამისი მოკვლევა აწარმოოს. ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს და ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღებს.
კანონის პროექტში ვკითხულობთ:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
კანონპროექტით უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს”, – წერია დოკუმენტში.
