პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილეს.
ცვლილება 3 მიმართულებით მომზადდა. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციას, ასევე ოპიოიდური პრეპარატებით ჩანაცვლებით მკურნალობას მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულება უზრუნველყოფს.
„ჩატარებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ საჭიროა ნარკორეალიზატორების, შემომტანების, გამავრცელებლების მიმართ პოლიტიკის გამკაცრება და კერძო ცენტრების სახელმწიფო დაქვემდებარებაში მოქცევა. ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკომოვაჭრეების, გადამზიდავების, გამავრცელებლების, გადამყიდველების მიმართ. მეორე მხრივ კი, ჩვენი უმთავრესი მიზანია იმ ბენეფიციარებზე ზრუნვა, რომლებიც სახელმწიფოში მოქმედ პროგრამებში არიან ჩართულნი. ამით ჩვენ არ ვებრძვით მომხმარებელს, პირიქით. ჩვენ ვებრძვით მხოლოდ რეალიზატორებს, იმ ადამიანებს, რომელთა ქმედებითაც სავალალო შედეგები დგება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
სხდომას კომიტეტის წევრ დეპუტატებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მისი თქმით, სახელმწიფო გაატარებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია არსებულ გამოწვევასთან სათანადო ბრძოლისთვის.
„მთელი ამ პროცესების მიზანია ნარკომომხმარებლების მხარდაჭერა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ ადამიანებს შევუქმნათ პირობები, რათა მათ ადიქციის სინდრომი დაძლიონ. ჩანაცვლებითი თერაპია გაგრძელდება, თუმცა არ შეიძლება არსებობდეს ისეთი ვითარება, რომ ჩანაცვლებითი თერაპია – ეს კეთილშობილური იდეა, გამოიყენონ არაკეთილშობილური მიზნებისთვის. ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ იმ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლების მძიმე მდგომარეობაზე ხელის მოთბობას ცდილობს“, – განაცხადა მინისტრმა.
ცვლილებები კანონში სამი მიმართულებით შედის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
