დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე დაიბარეს, სადაც დიპლომატს გამოუცხადეს პროტესტი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებებისა და საჯარო თავდასხმის” გამო.
საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობაზე საუბრობს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა დიპლომატის დაბარების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
„საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში, სადაც ოფიციალურმა პირებმა ნათლად გამოხატეს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე პოზიცია, კრიტიკა როგორც საქართველოს საგარეო კურსის, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების შესახებ“.
საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების შესახებ.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაა. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ასევე წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაუყოვნებლივ განიხილავს შესაბამის ნაბიჯებს, „თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვას“.