ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დღითიდღე უარესდება. 1-ელ ივლისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოში დააკავა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები ირანიდან შემოჰქონდათ და ინტერნეტის საშუალებით ყიდდნენ, უწყების ცნობით, დამნაშავეები კიბერთაღლითობაშიც არიან გარეული. რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით ქვეყანაში ოპერატიული სამუშაოები გრძელდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული გამოცემა „სპუტნიკის” აზერბაიჯანულ ფილიალში კიდევ 6 თანამშრომელი დააკავეს. აზერბაიჯანის შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის, უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით აღიძრა. ერთი დღით ადრე კი პოლიციამ დააკავა „სპუტნიკ აზერბაიჯანის” ხელმძღვანელი და რედაქტორი, რომელთაც ბაქო რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. საქმესთან დაკავშირებით დღეს რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი რაჰმან მუსტაფაევი დაიბარეს და განმარტება მოსთხოვეს.
„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში აზერბაიჯანულ მხარესთან პირდაპირი კონტაქტის გზით მივაღწევთ მათ გათავისუფლებას. მასმედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება საყოველთაო ნორმებსა და წესებს და რაღა თქმა უნდა, არ შეეფერება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ხასიათსა და პათოსს. ვთვლით, რომ ეს საგანგებოდ ემოციური რეაქცია შეიცვლება პირდაპირი ურთიერთობით, რომლის ფარგლებშიც ყველა დაყენებულ საკითხს გაეცემა პასუხი”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მოსკოვი ბოდიშს არ იხდის და ბაქოს მიერ გადადგმულ ხისტ ნაბიჯებს არამეგობრულს უწოდებს. თუმცა მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, დღეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა ეკატერინბურგში კიდევ ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ბაკირ საფაროვი უკვე მეოთხეა, ვინც რუსეთის უშიშროების სამსახურმა დაკვეთილი მკვლელობების საქმეზე დააკავა. ის ბრალდებებს უარყოფს. მანამდე დაკავებული ძმები ზაიადინ და ჰუსეინ საფაროვები კი დაკავების დროს დაიღუპნენ, აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებიან, რომ ისინი სასტიკად სცემეს. კრემლს არგუმენტად მათი ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყავს და ამბობს, რომ ათობით დაკავებული მძიმე დანაშაულთან იყო კავშირში.
რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობა დაგმო აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა. პიტერ მიჩალკო „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს”. ამ დროისთვის ეკატერინბურგში ჩატარებული საპოლიციო რეიდების შედეგად ათობით აზერბაიჯანის მოქალაქეა დაკავებული. საპატიმრო იზოლატორში 2 მათგანის დაღუპვამ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გაამწვავა. ბაქოს დიპლომატიური დემარში რუსული ღონისძიებების გაუქმებითა და ვიზიტების გაუქმებით დაიწყო, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დაკავებით გაგრძელდა.