მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
დაჭრილ მებრძოლებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან პატივისცემა გამოხატა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მიმართ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მათ მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.
დაჭრილმა მებრძოლებმა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ველორბოლასა და მშვილდოსნობაში საჩვენებელი შეჯიბრებებიც გამართეს. კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები 9 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართება. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.