მთავარისაქართველოთანხმობა უარის შემდეგ - კომისია გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხავს

თანხმობა უარის შემდეგ – კომისია გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხავს

თანხმობა უარის შემდეგ. პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია მაინც დისტანციურად დაიკითხება, თუმცა თეა წულუკიანს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კონკრეტული დათქმები აქვს.

„მოთხოვნა არის შემდეგი: 2 ივლისს გთხოვთ, ჩაერთოთ კომისიის წინაშე სხდომაზე და ეს სხდომა არ დატოვოთ მანამ, სანამ კომისია არ იტყვის, რომ ამოწურულია კითხვები და უზრუნველყავით გამართული დისტანციური მონაწილეობა… შეხვედრა მაქვს და გერმანელ სოციალისტს უნდა შევხდე – ეს ვერ იქნება არგუმენტი. გერმანელ სოციალისტებზე უფრო მაღლა დგას საქართველოს პარლამენტი, ეს როგორღაც ქართულმა ოპოზიციამ უნდა გაიგოს…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

ექსპრემიერის დისტანციურად დაკითხვის გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა მიიღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მარწმუნებლის წერილის საფუძველზე. ჯონი ტორჩინავას მიერ ხელმოწერილ მიმართვაში ოპოზიციურმა გაერთიანებამ კომისიას კიდევ ერთხელ შეახსენა კანონით დაკისრებული ვალდებულებები, მაგალითად, მოიყვანა რამდენიმე პირი, ვისაც საჯაროდ ახსნა-განმარტება დისტანციური ფორმატით ჩამოერთვა და დისკრიმინაციული უწოდა გიორგი გახარიასთვის დისტანციურად გამოკითხვაზე უარის თქმა.

გიორგი გახარიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის რამდენიმე წევრმა თეა წულუკიანისგან განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა. ზოგიერთმა კი ექსპრემიერი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის კვლავ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულა – სწორედ ამ საქმეზე იბარებს კომისია გიორგი გახარიას მეორედ.

„ბატონ გახარიას კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. აქ შეიძლება, ეს სხვაობა დავინახოთ… ვფიქრობ, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც, ჩართვით უპასუხოს თითოეული ჩვენგანის კითხვებს…“ – თქვა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წევრმა ალექსანდრე ტაბატაძემ.

„ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუსთან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან…“ – ამბობს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წევრი სოზარ სუბარი.

წერილის გარდა გიორგი გახარიას პარტია კომისიის საქმიანობას ბრიფინგითაც გამოეხმაურა, სადაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ექსპრემიერის „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლებას გეგმავს.

„ქართული მიწის დაცვისთვის „ოცნება“ გიორგი გახარიას უმზადებს 15-20 წლიან პატიმრობას. ეს ადასტურებს, რომ, ერთი მხრივ, თუკი „ოცნება“ ცდილობს, საკუთარ ამომრჩეველს შეუფუთოს – „აი, პოლიტიკურ ლიდერებს ვიჭერ, რადგან კანონი დაარღვიეს და კომისიაზე არ მოვიდნენ“, მეორე მხრივ, რას ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს გიორგი გახარიაზე, რომელიც კომისიაზე მისული იყო და ახლაც ერთვება დისტანციურად… ამაზე „ოცნებას“ საკუთარი ამომრჩევლისთვის არანაირი პასუხი არ აქვს“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

კომისიის სხდომაზე ხელახლა დაბარება არ შეხებია მხოლოდ გიორგი გახარიას. კიდევ ერთი მოწვევა მიუვიდათ იმ ოპოზიციონერ ლიდერებსაც, რომლებიც კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პატიმრობაში იმყოფებიან. პოლიტიკოსები არც ამჯერად აპირებენ ამ მოთხოვნის შესრულებას, ამიტომ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძის საქმეები ისევ პროკურატურას გადასცა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი აგრძელებს მთავარი ოპონენტის დევნას. დღეს კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი კიდევ ერთხელ იყო დაბარებული წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე. რა თქმა უნდა, პასუხი იყო პრინციპული და მკაფიო, რომ მამუკა ხაზარაძე წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ აპირებდა გამოცხადებას. მამუკა ხაზარაძე არ აპირებს არანაირ კომუნიკაციას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტთან. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს ბრძოლა გრძელდება ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად“, – ამბობს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან ქვეყანაში არ უნდა. თან არჩევნებში მონაწილეობა უნდა, თან არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია, ეს პოლიტიკური პარტია და ეს ადამიანიც არის სრულ გაურკვევლობაში. აქამდე პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პარტიები პატრონებმა მიიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს… პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში. ეს თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო. ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს…“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ საქმეზე საბოლოო განაჩენს ელოდებიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. კიდევ ერთ ოპოზიციონერ ლიდერ გიორგი გახარიას კი, კომისიის კითხვებზე პასუხების გასაცემად, 2 ივლისს, თბილისის დროით, 16:00 საათზე ელოდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend