არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 30 ივნისს, ბრიფინგი გამართეს და ისაუბრეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მონაცემების მოთხოვნაზე, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადაცემის თაობაზე.
მათი განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება, სულ მცირე, 10 კანონის დარღვევით გამოიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მოთხოვნები, მათ შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალურობის საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არავის მისცემენ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც დაეხმარებიან.
„კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ, გაეცნონ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.