საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში შესასვლელად ვიზის აღება მოუწევთ. თავდაპირველად ამის შესახებ ონლაინგამოცემა „ევროსკოპმა” დაწერა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ეს ინფორმაცია დაადასტურა, მოგვიანებით ამ თემას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა.
„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი… ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომლებიც აჰყვნენ ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამ განცხადებით ხელისუფლებისგან ჩანს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომელიც არის ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი.
„ეს არის გარკვეული სანქციის დაწესება და როცა ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყად გვიცხადებენ, რომ ამ სანქციას თავს არიდებენ და ჩვეულებრივი პასპორტებით გადაადგილდებიან ევროკავშირში უვიზოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ამით მოტივაციას უქმნიან ევროკავშირს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყონ მუშაობა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან გამოდის, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სანქცირებული და ამით უბიძგებენ ევროკავშირს, გაამკაცროს გადაადგილების პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და ფიქრობს, როგორ დააზიანოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და მათ შორის ეს განაცხადი აჩვენებს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ, ჩვენ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომელიც არის ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი”, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
„ევროსკოპის” ინფორმაციით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ბულგარეთი, რუმინეთი (მარტიდან), ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, შვედეთი (აგვისტოდან).