მთავარისაქართველოერთად თუ ცალ-ცალკე? - რა გზას ირჩევს ოპოზიცია

ერთად თუ ცალ-ცალკე? – რა გზას ირჩევს ოპოზიცია

არჩევნები თუ ბოიკოტი? როგორ უნდა გაერთიანდნენ ოპოზიციური ძალები? რა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებია მისაღები ცალკეპარტიული თუ საერთო ინტერესებისთვის? რა უნდა იყოს საერთო მიზანი? წინასაარჩევნოდ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ცხარე დისკუსია გრძელდება. მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთობა აუცილებელია. თუმცა, 29 ივნისის საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინაშე მას კონკრეტული ხედვები არ წარმოუდგენია.

„ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველას ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ, კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები კვლავ დავის საგანია ოპოზიციურ ფლანგზე. პარტიების ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მთავარ მეთოდად ერთიან ბოიკოტსა და ხანგრძლივ პროტესტს მიიჩნევს.

„პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა, მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ ართანამშრომლობის საკითხში – პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე – ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით”, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობისა და საერთაშორისო ზეწოლის მეთოდებით ხედავს ხელისუფლების ცვლილების გზას.

„მე აბსოლუტურად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ ერთიანობა შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რაღაც გზა, ერთიანი სამოქმედო გეგმა. როგორც ჩანს, დღეს ოპოზიციურ სპექტრს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო, რათა გამოიკვეთოს, რა ბრძოლის გზაზე აპირებს, დადგეს და როგორ ესახება რუსულ რეჟიმთან ბრძოლა, რადგან ამასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რესურსს თუ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს აზრთა სხვადასხვაობა და შედგეს ერთიანობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სწორედ ამიტომ არის, რომ დაარსების დღიდან მის მიერ კოორდინირებულ ფორმატში „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს და თანამშრომლობს, რადგან ჩვენ გვესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რუსული რეჟიმის დამარცხებას ჩვენ შევძლებთ მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი ერთიანობით და „ლელო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოზიციით, 29 ივნისის აქციაზე საქართველოს მოსახლეობამ გეგმისა და ძალის გარეშე მყოფი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რადიკალური ოპოზიცია იხილა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულია.

„გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ერთად თუ ცალ-ცალკე? ბრძოლის რა მეთოდს აირჩევს ოპოზიცია და როგორ გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები, ჯერ უცნობია. არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დარჩა.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend